24/04/2019

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს


თურქმენეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი  ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. ხსენებული ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა არსებული გამოწვევები და პრობლემები სტამბულში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე  განიხილეს.

თურქმენეთის მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო კომპანია „თურქმენგეოლოგიის“ დირექტორი შახიმ აბდრახმანოვი, აზერბაიჯანს წარმოადგენდა ენერგეტიკის მინისტრი ფარფიზ შაჰბაზოვი, ხოლო თურქეთს- ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფატიჰ დონმეზი.
მხარეებმა სამმხრივ ფორმატში ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ რეგულარული შეხვედრები, საერთო რეგიონალური ინტერესები და ისეთი პროექტები, როგორიცაა „ავღანეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი“ სატრანსპორტო კორიდორი, სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ენერგეტიკის, მათ შორის, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის, მწვანე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაებ.