24/04/2019

ჩინეთი 2030 წლისთვის კოსმოსში მზის ელექტროსადგურს ააშენებს


ჩინელები მზის ელექტროსადგურის პირველ კომპონენტებს სტრატოსფეროში განათავსებენ, მოგვიანებით კი სადგურს გეოსტაციონარულ ორბიტაზეც გაიყვანენ. ასეთი სისტემა დედამიწაზე ბაზირებულ სადგურებთან შედარებით 6-ჯერ  ძლიერი იქნება და ის დედამიწას ელექტროენერგიის 24 საათის მანძილზე მოაწვდის. ჩინეთის სახელმწიფო ამ ერთგვარი სამეცნიერო ფანტასტიკის განხორციელებას 2030 წლამდე დაიწყებს.

კოსმოსში ბაზირებისთვის განკუთვნილი მზის პირველი ელექტროსადგურის აწყობა  ქალაქ ჩუნცინში დაიწყო. ჩინური კოსმოსური ელექტროსადგურები მზის ენერგიას ავტომატურად გარდაქმნიან ელექტროენერგიად და მიღებულ ენერგიას დედამიწაზე გადმოსცემენ მიკროტალღების ან ლაზერული ტექნოლოგიების საშუალებით.

გეგმის მიხედვით, 2021-2025 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სტრატოსფეროში გაუშვებს მინიატურულ სადგურებს, რომელთა სიმძლავრე მხოლოდ რადენიმე კილოვატი იქნება. 2030 წლისთვის აღნიშნული სადგურების სიმძლავრე რამდენიმე მეგავატს მიაღწევს, 2050 წლისთვის კი მათი სიმძლავრე გიგავატებით გაიზომება.

პროექტის საბოლოო მიზანია დედამიწიდან 36 000 მეტრ სიმაღლეზე შექმნან მზის ენერგიის შემკრები ზემძლავრი სისტემა.

„ჩინეთის კოსმოსურ ტექნოლოგიათა აკადემიის“ (CAST) ექსპერტები აცხდებენ, რომ კოსმოსური ელექტროსადგური უზრუნველყოფს 24-საათიან ელექტრომოწოდებას დედამიწაზე და ის 6-ჯერ მძლავრი იქნება დედამიწაზე ბაზირებულ სადგურებთან შედარებით.

კოსმოსური მზის სადგურის მთლიანი წონა 1000 ტონაზე მეტი იქნება და მისი კომპონენტების აწყობას უზრუნველყოფენ რობოტები და 3D პრინტერები.

ამავე დროს, ჯერჯერობით დაუდგენელია თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა კოსმოსურმა ელექტროსადგურმა დედამიწის ატმოსფეროზე და მის გარემოსდაცვით ასპექტებზე.

CAST-ის წარმომადგენლების განცხადებით, კოსმოსური მზის ელექტროსადგური იქცევა ელექტროენერგიის უშრეტ წყაროდ და უზრუნველყოფს ელექტროავტომობილების დატენვას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.