24/04/2019

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ ელექტროენერგიის ერთიან ბაზარს ქმნის

მიმდინარე წლის 23 აპრილს გამართულ შეხვედრაზე „ევრაზიის ეკონომიკური კომისიის“ წევრებმა დაძლიეს  ელექტროენერგიის საერთო ბაზრის შექმნასთან დაკავშირებით არსებული ბოლო უთანხმოება. ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის შექნის შესახებ ხელშეკრულებას მხარეები 2019 წლის მაისში მოაწერენ ხელს. 

კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო უთანხმოება ეხებოდა ელექტროენერგიის ეროვნულ ბაზრებზე  საკონკურენციო და ბუნებრივ-მონოპოლიურ საქმიანობათა სახეობის გამიჯვნას. „პრინციპული უთანხმოების დაძლევა აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით საშუალებას გვაძლევს შევქმნათ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ საერთო ელექტროენერგეტიკული ბაზარი“, ნათქვამია განცხადებაში. 

„საერთო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფორმირება საშუალებას მოგვცემს დავაწესოთ გამჭვირვალე საბაზრო ფასები მომხმარებლებისთვის, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ევრაზიის „ხუთეულის“ ეკონომიკურ ზრდას“, აცხადებს „ევრაზიის ეკონომიკური კომისიის“ თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანი. 


როგორც ცნობილია, 2014 წლის 29 მაისს ხელი მოეწერა  შეთანხმებას  „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შექმნის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ავალდებულებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ჩამოაყალიბონ ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზარი. შესაბამისი მექანიზმი უნდა ამუშავდეს 2019 წლის 1 ივლისამდე.